ევროკავშირსა და შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კრიტიკულად გაზრდილია. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ მდგომარეობა მძიმეა. თუ არალეგალი ქართველი ემიგრანტების რიცხვი არ შემცირდა, შესაძლოა საფრთხე ევროპასთან უვიზო მიმოსვლას დაემუქროს. ევროპელი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, პრობლემები მის პოლიტიკაშიც მოძებნოს. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის კრიტიკული ზრდა მიუთითებს, რომ საქართველოში ეკონომიკური და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემებია.
კრიტიკული ვითარების გამო, საქართველოში საგანგებოდ ევროკომისიის დელეგაცია ჩამოვიდა, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. რა მოთხოვნა აქვთ პარტნიორებს და რამდენად მწვავედ დგას უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ევროკავშირთან, დეტალებზე ქვეყნის პირველი დიპლომატი არ საუბრობს. დავით ზალკალიანი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას, მიგრანტთა რიცხვის მკვეთრი ზრდის გამო კითხვები აქვთ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხის წინაშე მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ დააყენა. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციაში მძიმე სოციალური პრობლემების გამო მიდიან. ოპოზიციის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამუშაო ადგილების შექმნაზე საერთოდ არ იზრუნა, რამაც ათასობით მოქალაქე იძულებული გახადა თავის გადასარჩენად ემიგრაციაში წასულიყო.
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის განცხადებებს არ ეთანხმება და მას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ შეექმნება და ე.წ. შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება.