სახელმწიფოს როლი ბიზნესის ხელშეწყობაში - ამ საკითხის შესახებ მოსახლეობის მხოლოდ ინფორმირებისთვის ბიუჯეტიდან, 900 ათასი ლარი დაიხარჯება. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გაიგონ, როგორ ეხმარება ბიზნესს მთავრობა, ისევ მოქალაქეების ფულით შევსებული ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.
მომსახურების შესყიდვას კი ტენდერის გზით გეგმავს სიპი „აწარმოე საქართველო“. სიპში, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაშია, განმარტებებს არ აკეთებენ, თუმცა შესაბამისი მოთხოვნით „აწარმოე საქართველომ“, შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურად უკვე მიმართა.
ოპოზიცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხის არამიზნობრივი ხარჯის შესახებ საუბრობს.
„აწარმოე საქართველო, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობდნენ, ძალიან ბევრს უთითებდნენ, რომ აბა ბიზნესის ხელშეწყობას ვახორციელებთ და ა.შ. სინამდვილეში თავისი ახლობლების, მეგობრების დაფინანსების წყაროდ აქციეს საბიუჯეტო თანხები და პროექტი, რომ ყოფილიყო წარმატებული, მას უკვე აღარ დასჭირდებოდა ასე ვთქვათ, პიარ აქციები. ბუნებრივია ისევ მათთვის არის საჭირო ეს პიარ-აქციები და კიდევ უფრო მეტ ხალხის ფულს ხარჯავენ,“-ამბობს ენმ-ს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრები კი ამბობენ, რომ არ არსებობს არც ერთი პიარ-აქცია, რომელიც საზოგადოებაში არსებულ მძიმე სოციალური ფონით გამოწვეულ უკმაყოფილებას გააქარწყლებს.
„რაც არ უნდა მეტი პიარ აქციები ატაროს ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ და გვიჩიჩინოს ის, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში თითქოს ბიზნესი აყვავდა, მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ იმ სიმძიმეს, რაც მოიტანა „ქართული ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.