საერთო სასამართლოების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული სესიაზე ამ კანონპროექტისგან რადიკალურად განსხვავებული კანონპროექტიც განიხილონ.
იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მიიღო, სესიაზე კენჭისყრაზე დადგება ამ საკითხის შესახებ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული ინიციატივაც.
საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი კი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა დაამტკიცა. თუმცა მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს ადანაშაულებს და მოითხოვს კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენას დაუბრუნდეს.
„ეს არის ავის მომასწავებელი სიჯიუტე, გაუაზრებელი რეალობა და პოლიტიკური მომავლის განუჭვრეტელობა -ასე შევაფასებდი ამ სიჩქარეს და მე არ მოვხსნი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების თაობაზე. ეს სახალხო დამცველმაც გაახმოვანა და ამ საკითხს სესიაზე დავსვამ. ასევე ვითხოვ,რომ ჩვენი კანონპროექტი პირველივე სხდომაზე იყოს განხილული,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა სამოქალაქო სექტორიც. საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ხელისუფლებამ გაიზიარა გარკვეული რეკომენდაციები, თუმცა ეს კანონპროექტი ვერ დააზღვევს სასამართლოს კლანისგან.
"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ საბოლოოდ სასამართლო კლანის გარეშე მივიღოთ,"-აცხადებს მენაბდე.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაზიარებულია. მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები მმართველი გუნდის მიმართ, თითქოს მათ მიერ მიღებული კანონპროექტი ინტერესთა კონფლიქტზე გადის, მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.