19 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
"საქართველოში ბიზნესი თავისუფალია" - "ოცნება" აშშ-ის კონგრესმენების მოსაზრებას არ იზიარებს

აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან.

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე კონგრესმენების მოსაზრებას, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი არ არის, არ იზიარებს. მდინარაძე ირწმუნება, რომ საქართველოში თავისუფალი ბიზნეს გარემოა.  

მამუკა მდინარაძე კონგრესში კანონპროექტის მეორედ დაბრუნებას იმით ხსნის, რომ საერთაშორისო პარტნიორები არასამთავრობოებო ორგანიზაციების და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან არასწორ ინფორმაციას იღებენ.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს შეცდომაში შეჰყავს. 

„საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია და როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავიხსენებ აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში. ეს უხერხულობა გამოიწვია ჩვენი კოლეგების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის არასწორმა ინფორმაციამ და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩასწორება მოხდა და ეს უხერხულობა მე მგონია, რომ უნდა აიცილონ ხოლმე ჩვენმა კოლეგებმა საქართველოში და რამდენად უნდა მტრობდე შენს ქვეყანას, რომ არასწორი ინფორმაციები შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდო უცხოელ პარტნიორებს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის ცუდი და მეორე, მე ნამდვილად არ ველოდები, არ არის ისეთი მდგომარეობა და არ არის რეალობა ისეთი, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რაიმე სანქციებზე დაიწყონ ლაპარაკი,“  - განაცხადა მდინარაძემ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივის მიხედვით, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნესოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, კონკრეტულ პირებს კი შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალებათ და აღარც ვიზებით ისარგებლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები