19 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
არაფორმალური მმართველობა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნები - გავლენიანი NGO-ები ქვეყნის უმთავრეს პრობლემას ასახელებენ

არაფორმალური მმართველობა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნები - გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის უმთავრეს პრობლემას ასახელებენ.

მათი აზრით, ამ პრობლემამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და მისი უსაფრთხოებაც. მწვავე გზავნილებით თბილისიდან ვაშინგტონში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა ჩაიტანეს.

საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას რომ დემოკრატიის მყარი საფუძველი სჭირდება, კიდევ ერთხელ განაცხადა ამერიკულმა მხარემაც.

„მარშალის ფონდის“ უფროსმა მკვლევარმა, ჯონათან კათზიმ „კურიერთან“ აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სკენ ნაბიჯებს დგამს და ქართველ სამხედროებს მსოფლიოს უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვთ, თუმცა ნატო არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ დემოკრატიული ღირებულებების ალიანსია.

არასამთავრობო სექტორმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიული გზიდან გადახვევად შეაფასა, სასამართლოს რეფორმა წარუმატებლად, მოსამართლეთა ნაწილი კი - პროგრესული ინიციატივების მოწინააღმდეგე კლანად და გავლენიან ჯგუფად, რომელის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი.

შეხვედრაზე გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ამერიკელ ანალიტიკოსებთან ერთად განიხილეს საქართველოს ხელსუფლების თავდასხმის ფაქტები სამოქალაქო სექტორზე.

მათ აღნიშნეს, რომ „ოცნების“ გუნდი არა მხოლოდ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უტევს, არამედ უმწვავესი რეაქცია აქვს, მიკერძოებასა და შეცდომების დაშვებაში ადანაშაულებს Freedom House-ს და Human Rights Watch-ს, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის ქვეშ მიაჩნია ვენეციის კომისია და სახელმწიფო დეპარტამენტი.

დღის ამბები