19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
პროტესტის უკიდურესი ზომა ბათუმში - ელექტრომობილების აკრძალვის გამო მათმა მფლობელებმა შიმშილობა დაიწყეს

პროტესტის უკიდურესი ზომა ბათუმში - ელექტრომობილების მფლობელები საკუთრი მწირი შემოსავლის შენარჩუნებას ცდილობენ. ელექტრომობილების აკრძალვის გამო მათმა მფლობელებმა ბათუმის ბულვარში შიმშილობა დაიწყეს.

ბულვარში ელექტროტრანსპორტით მომსახურების აკრძალვის გამო ათობით მცირე ბიზნესის მფლობელი ბანკში ჩადებული ქონების დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოპედებით ტურისტების მომსახურება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ეს აკრძალვა კი ასობით დასაქმებულსა და მათ ოჯახებს შიმშილისთვის გასწირავს.

ელექტრომობილების მფლობელები მზად არიან, ხელისუფლებას რეგულაციებიც შესთავაზონ, რაც მათ გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს აგხდის. ისინი ითხოვენ, რომ მუშაობის საშულება ამ სეზონზეც მისცენ.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ადრე უნდა გაეფრთხილებინა, თუ ბულვარის ტერიტორიაზე მათი გადაადგილების აკრძალვას გეგმავდა.

მოპედების მფლობელებს გარკვეული ვარაუდებიც აქვთ და ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას მათი ჩანაცვლება სხვა ელექტრომობილებით სურს.

საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია ბულვარის ადმინისტრაცია და განმარტავს, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით გადაადგილებისას ბევრი ტურისტი დაშავდა.

განსხვავებული პოზიციები აქვთ ბათუმის მცხოვრებლებს. მათი ნაწილი უსაფრთხოების მოტივით, ელექტრომობილების აკრძალვას ემხრობა. ნაწილს კი მიაჩნია, რომ მოპედების გადაადგილება ხელს არავის უშლის და პირიქით, ბიზნესის განვითარებასაც ეხმარება.

ელექტრომობილების მფლობელები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები