ბიზნესინტერესები, რომელიც პანკისში მომხდარი დაპირისპირების მიღმა დგას - ოპოზიცია დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომელთა მიხედვითაც, ირკვევა, რომ ხეობაში მდინარე ალაზანზე "ხადორი 3-ის" მშენებელი ლაშა იორდანიშვილი მაღალი თანამდებობის პირების ბიზნესპარტნიორია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა საჯარო რეესტრის ამონაწერებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პანკისის ხეობის სადავო ჰესების მშენებელ ლაშა იორდანიშვილს ჩინიანი ბიზნესპარტნიორები ჰყავს. ”ალაზანი ენერჯის” გარდა, იორდანიშვილი კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელია, მათ შორის არის ”სმარტვუდი.” ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამონაწილე შალვა შავიშვილია, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელად გასული წელს დანიშნა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლაშა იორდანიშვილისა და შალვა შავიშვილის ბიზნესპარტნიორი და კომპანია ”სმარტვუდის” თანამფლობელია გიორგი შენგელიაც. ერთ დროს ისიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და შავიშვილმა სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე სწორედ ის ჩაანაცვლა. შენგელია ამჟამად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. შენგელიას და იორდანიშვილს კიდევ ერთი საერთო კომპანია ”თენი” აქვთ.
მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრებისგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან.
ლაშა იორდანიშვილი ადასტურებს, რომ ორივე მაღალჩინოსანთან, შალვა შავიშვილთან და გიორგი შენგელიასთან, რომლებიც მისი ბავშვობის მეგობრები არიან, ბიზნესპარტნიორობაც აკავშირებს, თუმცა წარსულში. იორდანიშვილი ირწმუნება, რომ მათი საერთო კომპანია ”სმარტვუდი” აღარ ფუნქციონირებს. მისთვის წაყენებულ ბრალდებებს, რომ ის პრივილეგირებული ბიზნესმენია, აბსურდს უწოდებს.
პანკისში სადავო ჰესების მშენებელი ლაშა იორდანიშვილისთვის მთავარი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდია. ისინი ერთობლივად აშენებენ 329 მილიონიან ჰესს ონში.