საფრანგეთი-საქართველოს თანამეგობრობის ასოციაციის წევრები მონპელიეში იმყოფებიან და საქართველოს მოქალაქეებთან პირველ გაცნობით შეხვედრას მართავენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაპირება შეასრულა. ერთი კვირის წინ მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში კარვების ქალაქში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა და კვალიფიციური იურისტების დახმარებას დაჰპირდა.
ქართველი ადვოკატები და იურისტები, რომლებიც საფრანგეთში 2011 წლიდან მუშაობენ, ჩავიდნენ მონპელიეში და ხვდებიან საქართველოს მოქალაქეებს.
იურისტების თქმით, ისინი ყველანაირად დაეხმარებიან საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს. გარდა ამისა, ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბოლო წელს თავშესაფართა მაძიებელთა რიცხვმა ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში იმატა.
მათი განცხადებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.
„პირველი, რაც უნდა შეიცვალოს, არის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ ეს არ გამოსწორდება, ემიგრაციის რიცხვი არაფრით არ შეჩერდება. აქ ახლა, ძირითადად, პოლიტიკური დევნილი, პრაქტიკულად, ძალიან ცოტაა. აქ ძირითადი არის ეკონომიკური მიგრანტები და ამას ვერ დაარეგულირებს ვერანაირი ახალი კანონი, რომელსაც ამჟამად ამუშავებს საქართველოს ხელისუფლება,“ - განაცხადა მონპელიეში ჩასულმა იურისტმა.
მონპელიეში კარვების ქალაქში თავშესაფართა მაძიებელთა რიცხვი ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა.
საქართველოს მოქალაქეების თქმით, სიტუაცია არ შეცვლილა და ისინი ამ დროისთვის საფრანგეთის ხელისუფლების პასუხს ელოდებიან. მათივე თქმით, ისინი საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავენ.
იურისტებს ორშაბათიდან ექნებათ კომუნიკაცია მონპელიეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მათი თქმით, უკვე ამის შემდეგ თითოეუკლ საქმეზე ექნებათ პერსონალური კონსულტაციები სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენელთან.