19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"ოცნების" ლიდერი პრეზიდენტს არ ელაპარაკება - ივანიშვილის და ზურაბიშვილის გზები არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ გაიყარა

ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს არ ელაპარაკება. კურიერის ინფორმაციით, არჩევიდან ხუთი თვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს გზები გაიყარა. ივანიშვილი ზურაბიშვილს აღარ ელაპარაკება და აღარც კი ეკონტაქტება.

პრეზიდენტს კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია და არ უთქვამს, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილის შორის კონფლიქტი არ არის. პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი და ივანიშვილის დაპირისპირების გარდა, ქვეყანაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს.

კონფლიქტმა პრეზიდენტსა და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს შორის პიკს გასულ კვირას მიაღწია, როდესაც სანდო ინფორმატორის მტკიცებით, ისედაც დაძაბულ ურთიერთობებში ბოლო წერტილი ზურაბიშვილის გამიზნული პოლიტიკურ სვლა აღმოჩნდა.

პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში, რომელიც ახლა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეა, ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში ოფიციალური მიღება გამართა, სადაც მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაპატიჟა. ივანიშვილისთვის ავლაბრის სასახლეში მის მიერ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

იდეა ზურაბიშვილის იყო, თუმცა, სისრულეში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოიყვანა და ავლაბრის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან ერთად დაჰპატიჟა. ამ მიღებიდან მალევე თანამდებობიდან წავიდა ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია. რატომ გადადგა ის, ამ თემაზე ჟვანია არ საუბრობს.

ერთ-ერთი ვერსიით, ლაშა ჟვანიას სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობები დაეძაბა, რადგან ზურაბიშვილი ჟვანიას გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდა.

ის, რომ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომა რიგითი საკადრო ცვლილება არ არის, ამას პრეზიდენტის რეაქციაც ადასტურებს. კურიერის კითხვას, რატომ წავიდა ლაშა ჟვანია, ზურაბიშვილი დუმილით პასუხობს.

კონფლიქტი ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის რამდენიმე თვეა, მწიფდება. ავლაბრის სასახლეში შესვლამდე და მარგველაშვილის დაპარტიჟებამდე იყო პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. რუსთაველის თეატრში საქართველოს პრეზიდენტი მაშინ პროტესტის ნიშნად არ მივიდა. გაირკვა, რომ ეს იყო ზურაბიშვილის დემარში, რომელიც ითხოვდა, რომ საზეიმო მიღებაზე მთავარი გამომსვლელი ყოფილიყო, მაშინ პირველობა პრეზიდენტს ირაკლი კობახიძემ არ დაუთმო და ივანიშვილმაც კობახიძის მხარი დაიჭირა.

სალომე ზურაბიშვილის ირაკლი კობახიძეს და მამუკა ბახტაძეს რამდენჯერმე გაუნაწყენდა, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის თარიღებისადმი მიძღვნილ რამდენიმე ღონისძიებაზე, არც მუხათგვერდში და არც პარლმენტის ეზოში, ის არ მიიწვიეს. თუმცა, პრეზიდენტს საჯაროდ ეს უკმაყოფილება არსად გამოუხატავს. სალომე ზურაბიშვილი ღიად მხოლოდ დავით სერგეენკოს დაუპირისპირდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის დაპირისპირება თანადათან უფრო საჯარო გახდება და უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს, რადგან სულ მალე, არ არის გამორიცხული, მას საგარეო ვიზიტების დროს ისეთივე პრობლემები შეუქმნას საგარეო უწყებამ, როგორც ეს გიორგი მარგველაშვილის პერიოდში ხდებოდა. 

დღის ამბები