19 ნოემბერი 2024,   07:18
ვრცლად
ჩვენი ასამბლეა მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას შიდა რეფორმების გატარებაშიც - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ლილიან მორი-პასკიეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცე სპიკერი ესწრებოდნენ.

ლილიან მორი-პასკიემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შიდა რეფორმების გატარებაში დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ მოახდინა ნამდვილი ევროპული მისწრაფების დემონსტრირება და მიაღწია დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით საკმაოდ დიდ პროგრესს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ეს გზა განაგრძოს. ჩვენ განვიხილეთ შიდა საკითხებიც, მათ შორის, სასამართლოს რეფორმა და  კორუფციასთან ბრძოლა. შეხვედრაზე განვაცხადე, რომ ჩვენი ასამბლეა მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას შიდა რეფორმების გატარებაშიც,“ - განაცხადა ლილიან მორიმ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად მოინახულებს დევნილთა დასახლებას წეროვანში, გაეცნობა ოძისში, ე.წ. საზღვართან შექმნილ ვითარებას.

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, საზეიმო სესია გაიხსნება.

დღის ამბები