დავით გარეჯში დროებით გახსნილი გზა და უდაბნოს ტაძრამდე მისასვლელი მონაკვეთის განმეორებითი ჩაკეტვის მოლოდინი - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შექმნილ ვითარებაზე საუბარი არ სურთ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს მხოლოდ იმას, რომ აღნიშნულ საკითხზე უმჯობესია კომენტარი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ. კერძოდ, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებაზე უნდა ისაუბროს იმან, ვინც შექმნილი პრობლემის მოგვარებაში, უშუალოდ არის ჩართული.
„თავს შევიკავებ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან. ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება და კონკრეტულად ამ საკითხზე მომუშავე პირები თუ გააკეთებენ. პოლიტიკური განცხადებებისგან, ვფიქრობ, რომ თავი უნდა შევიკავო,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანული მხარე არ გამორიცხავს, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტოს.
„კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ.
შეზღუდვების დაწესების მიზეზზე "კურიერთან" საუბრისას მესაზღვრე ყურადღებას, სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ვიზიტზე ამახვილებს, რომელიც 20 აპრილს შედგა.