19 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
საპროტესტო ნოტა აზერბაიჯანს - ოპოზიცია დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

მომზადების გარეშე დელიმიტირიზებაზე საუბარი იყო აზერბაიჯანული მხარის გამოწვევა - ეს განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას გააკეთა. 

რატიანი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ, უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზის კიდევ ერთხელ ჩაკეტვის შესაძლებლობას გამოეხმაურა. 

ქართველი პოლიტიკოსები ვითარების შეფასებისას ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ამბობენ იმას, რომ პრობლემა საქართველოს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას და ნაბიჯებს მოჰყვა. 

„მომზადების გარეშე დელიმიტირიზებაზე საუბარი იყო აზერბაიჯანული მხარის გამოწვევა. ოღონდ ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა კონფლიქტი, გარკვეულწილად ეს პრობლემა იყოს მოგვარებული,“ - განაცხადა რატიანმა.

შექმნის პრობლმის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობა".  პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე განმარტებები აზერბაიჯანის ელჩისგან უნდა მოითხოვოს.  დეპუტატის თქმით, აუცილებელია საპროტესტო ნოტის მიღებაც. 

„მოდით გულზე ხელი დავიდოთ და სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. პირველ რიგში, იმის, რომ ხელისუფლება იმდენად სუსტია, რომ ჩვენი მტერი და მოყვარეც, ცდილობს მოიპოვოს უპირატესობა ამ უსუსტეს ხელისუფლებაზე. ხვალვე აუცილებლად აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ და მოსთხოვონ ახსნა-განმარტება და ჩვენი ელჩი აზერბაიჯანში უნდა მიბრძანდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბაქოში და გადასცეს საპროტესტო ნოტა, ეს ელემენტარულია, რაც უნდა გააკეთონ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

შეზღუდვების დაწესების მიზეზზე კურიერთან საუბრისას კი მესაზღვრე ყურადღებას ამახვილებს სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ვიზიტზე, რომელიც 20 აპრილს შედგა.

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის ყველაზე მტკივნეული წერტილი - 150-კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთი უკვე ათწლეულებია, მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად კეტავენ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელ გზას, მათ შორის სასულიერო პირებისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები