აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებას, რომ ყველა ხელმრუდე ჩინოვნიკი, რომელიც საჯარო რესურსების პარაზიტად გადაიქცევა, უნდა დაისაჯოს, ოპოზიცია ეხმაურება. მათი აზრით, თორნიკე რიჟვაძემ ამით აღიარა, რომ მძიმე კორუფციული ფაქტები არსებობს.
ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებს, რომ მან აჭარის მთავრობის თავჯდომარის თანამდებობა სასწრაფოდ დატოვოს.
„ამის აღიარება ნიშნავს, რომ მთავრობაში რეალურად არიან ადამიანები, რომლებიც ჩაფლულები არიან კორუფციაში და ნაცვლად რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვისა, ისინი დაკავებულები არიან საკუთარი გამდიდრებით. ნებისმიერი ადამიანის გათავისუფლება დღეის შემდგომ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის კორუმპირებული. მან წინასწარ მოახდინა ამის დეკლარირება. ამიტომ, თუ ასეთ გარემოში უწევს და მის ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული კორუფციაში, მთავრობის თავმჯდომარემ ეს პასუხისმგებლობა საკუთრ თავზე უნდა აიღოს და თავის გუნდთან ერთად უნდა დატოვოს თანამდებობა,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გია აბულაძემ.
ოპოზიცის წევრები არ გამორიცხავენ, რომ თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც იყოს კორუფციული სქემების მონაწილე.
„ამ სრულიად ანომალიურ ვითარებაში ჩვენ რომ დღეს ვიმყოფებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მისი უფროსების ნებისმიერი განცხადება კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე, არის ჩვენი საზოგადოების დაცინვა და მეტი არაფერი იმიტომ, რომ თავად ეს ბატონები არიან თავით ჩაფლული კორუფციაში, კორუფციულ გარიგებებში. რას გვეუბნებიან დღეს, რომ თვის ქვეშევრდომებს პასუხს მოთხოვენ ისინი, ვინც არიან კორუმპირებულები? ტრაგიკომიკური სიტუაციაა,“ - განაცხადა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა.
ოპოზიციის წევრების თქმით, თორნიკე რიჟვაძე პოლიტიკური ლიდერი არ არის. მურმან დუმბაძის განცხადებით, ის მხოლოდ ახალგაზრდა კაცია სახელითა და გვარით.
„ბატონ რიჟვაძეზე იშვიათად ვაკეთებ განცხადებებს იმიტომ, რომ მიმაჩნდა, აჭარის ავტონომიას მთავრობის თავმჯდომარე არ ჰყავს იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკოსი. ეს არის ახალგაზრდა კაცი სახელით და გვარით, მეტი არაფერი. დღეს არის 30 აპრილი, მოგეხსენებათ 19 მაისს მის მშობლიურ რაიონში ტარდება არჩევნები, მერობის კანდიდატები იბრძვიან. ახლა მას მეტი დატვირთვა აქვს, ამიტომ ვიღაცას თავი გაახსენა,“ - განაცხადა პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ.
აჭარაში დიდი საკადრო წმენდა იწყება. რეგიონის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, ჩინოვნიკებს დაჭერითაც დაემუქრა.