დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე აღინიშნება. დღევანდელი დღე ჯარისკაცებს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცეს.
საქართველოს შეირაღებულ ძალებს მიულოცა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმაც. თუმცა საკუთარ მოხსენებაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები შიდა სამოქალაქო ომად მოიხსენია.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ ბოლო 28 წელში საქართველომ 4 ომი გამოიარა, აქედან მხოლოდ ერთი იყო რუსეთის ფედერაციასთან.
„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორია უკვე 28 წელიწადს ითვლის.
დღესვე საფუძველი ჩაეყარა მახათას მთაზე ახალ მშენებლობას, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს სამომავლოდ ბინები გადაეცემათ.
სამხედროებს სიტყვით მიმართეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცები სახელმწიფოებრიობის მთავარი დამცველები არიან.
„არ შემიძლია, არ დავიწყო და არ გითხრათ, ქრისტე აღდგა! თავდაცვის ძალები მისი შექმნის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენია. ჩვენი ჯარისკაცები საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი დამცველები არიან. ქვეყნის ხერხემალი ხართ თქვენ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულმა ჯარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში.
მამუკა ბახტაძემ გაიხსენა ტერიტორიული მთლიანობისთვისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცები.