მშობლების სანახავად საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასული ზაზა შარია რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ის ამ დრომდე გალის იზოლატორშია მოთავსებული.
33 წლის მამაკაცი მშობლიურ სოფელში დედასთან აღდგომის მისალოცად მიდიოდა. შარია 7 წელია, თბილისში ცხოვრობს, შამგონაში ის საგანგებოდ დღესასწაულისთვის ჩავიდა. მეგობრებმა და ნათესავებმა გატაცებული ბოლოს გუშინ ნახეს.
ზაზა შარიას საოკუპაციო რეჟიმი თავდაპირველად ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდა, თუმცა, მოგვიანებით ბრალი დამძიმდა. სოხუმში ამტკიცებენ, რომ შარია 2013 და 2014 წლებში გალში მომხდარ ყაჩაღობებშია ეჭვმიტანილი.
რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ოკუპანტები ყოველდღიურ რეჟიმში არ იტაცებდეს და აკავებდეს საქართველოს მოქალაქეებს? ოპოზიციაში ამბობენ, რომ არც არაფერს.
პოლიტიკოსები ოკუპანტების უკანონო ქმედებებს ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რუსეთთან რბილი პოლიტიკის გატარებით ხსნიან და ამბობენ, რომ სანქციები უმკაცრესი უნდა იყოს. დამნაშავეებს კი ხელისუფლება წითელი ცირკულარით უნდა ეძებდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის ინიციატორი სწორედ ოპოზიცია იყო, პოლიტიკოსები თვლიან, რომ მხოლოდ ასეთი სიების შექმნა საკმარისი არაა.
დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საოკუპაციო რეჟიმთან დაპირისპირებაზე საუბრისას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პრემიერ-მინისტრმა სწორედ ეს სია დაასახელა.
ავტორი: ემა გოგოხია