19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
პრეზიდენტი სკანდალში ეხვევა - ზურაბიშვილმა ქვეყანა საერთაშორისო სკანდალის საფრთხის წინაშე ტვიტის გამო დააყენა

პრეზიდენტის კიდევ ერთი სკანდალი - ამჯერად სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანა საერთაშორისო სკანდალის საფრთხის წინაშე ტვიტის გამო დააყენა. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ის პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტი ყოფილ ვიცეპრეზიდენტს და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს, "მძინარას" უწოდებდა.

ტრამპის განცხადების გაზიარების შემდეგ უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს განმარტება არ გაუკეთებია. ის ჟურნალისტების შეკითხვებს გაექცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება მას შემდეგ წაშალა, რაც სოციალურ ქსელში მის ამ პოზიციას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი არ იყო ვინც ჟურნალისტების კითხვებს გაურბოდა. მმართველი პარტიის წევრები საკითხზე საუბარს თავს არიდებდნენ.  

სკანდალური ტვიტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომას ან კიბერთავდასხმას დააბრალეს.

კიბერშეტევის ვერსიის დეპუტატებს არ სჯერათ. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გუნდს ურჩევს, ერთ-ერთ ვარიანტზე ჩამოყალიბდეს.

ქართული ოცნების ოპონენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ამერიკის შიდა საქმეებში ჩარევა და დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბიშვილი ახლაც ვერ ხვდება, რა შეიძლება, მოჰყოლოდა მის ამ პოზიციას.

საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთადერთი დეპუტატი გია ვოლსკი აღმოჩნდა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილისგან რეალური მიზეზების დასახელება მოითხოვა.  

თავად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა, კი განაცხადა, რომ მან სალომე ზურაბიშვილის ტვიტის შესახებ იცის, თუმცა, ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს.

ჯო ბაიდენი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა განზრახ ან უნებლიედ გააკრიტიკა, საქართველოს დიდი მეგობარია. 2009 წელს საქართველოს ახსოვს თბილისში ჩამოსული ბაიდენის ემოციური გამოსვლა პარლამენტში, სადაც მან საქართველოს ოკუპაციის გამო რუსეთის მწვავედ გააკრიტიკა და პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლა ილია ჭავჭავაძის სიტყვებით დაასრულა.

 

დღის ამბები