ტექნიკური შეცდომა თუ ჰაკერული თავდასხმა პრეზიდენტის სოციალურ გვერდებზე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯერ კიდევ მოქმედი უფროსი ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოხდა, რომ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ დაწერილი დონალდ ტრამპის ტვიტერის კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე გაიზიარა.
„ვერ გეტყვით, დღეს გადაბარების რეჟიმში გახლდით, არ ვარ საქმის კურსში. მე მოვისმინე პრეზიდენტის სპიკერის განცხადება, სხვა ამაზე დამატება არ შემიძლია. გადაბარების პროცესში ვიყავი და პრეზიდენტს ვახლდი, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ასევე, ვაზიანში თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მისი თქმით, ის ბოლო წუთებს ითვლის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა არ იცის, ვინ დაიკავებს მის ადგილს.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ის პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტი ყოფილ ვიცეპრეზიდენტს და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებდა.
ტრამპის განცხადების გაზიარების შემდეგ უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილს განმარტება არ გაუკეთებია. ის ჟურნალისტების შეკითხვებს გაექცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება მას შემდეგ წაშალა, რაც სოციალურ ქსელში მის ამ პოზიციას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.