რუსული ნარატივი და რუსული გზავნილები - ასე შეაფასეს ოპოზიციის წევრებმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის სკანდალური განცხადება, რომელმაც რუსული აგრესიის ათვლა 2008 წლიდან დაიწყო.
ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამ განცხადებით რუსული დავალება შეასრულა. ოპოზიციის შეფასებით, მას ეს სიტყვები არ წამოსცდენია და ეს შეგნებულად გააჟღერა. მათი თქმით, ჩაჩიბაიას განცხადება ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
„ეს არ იყო წამოცდენა, ეს იყო განგებ გაკეთებული განცხადება. რუსეთის ფედერაცია რას ცდილობს ან პუტინის რუსეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომ თქვას, ეს იყო ძმებს შორის ომი და არ ყოფილა რუსეთ-საქართველოს ომი. ამ დროს გამოდის ადამიანი, თავდაცვის ძალების მეთაური და ამბობს იმას, რასაც ამბობს პუტინი ერთი-ერთში. მეორე კითხვა, რაც მინდა, დავუსვა თავდაცვის მინისტრსაც და ამ ბატონსაც, ჩაჩიბაიასაც, მისი ამ ლოგიკით, რა გამოდის, ვეტერანთა კავშირი, რომელიც 90-იან წლებში დაარსდა, იმ ვეტერანთა კავშირში გაწევრიანებული ათასობით ვეტერანი, რომელი ომის ვეტერანები გახლავთ, სამოქალაქო ომის ვეტერანები?“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
ოპოზიციის წევრები ჩაჩიბაიასგან დაუყოვნებლივ განმარტებების გაკეთებას ითხოვენ.
„ეს განცხადება არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ რუსეთის აგრესია, რუსეთის პასუხისმგებლობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შერყევის, რაც მოხდა 90-იან წლებში, რაც განმეორდა 2008 წელს, რაც მოხდა უკრაინაში, ამის დაყვანა შიდა კონფლიქტამდე არის რუსული ნარატივი, რუსეთი ამბობს ამას, რომ იქ შიდა კონფლიქტები იყო და ისინი პასუხისმგებლები არ არიან, გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად გენშტაბის უფროსმა ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს, ეს ყველაფერი დამაფიქრებელია, რა ტიპის პოლიტიკურ კლიმატში ვცხოვრობთ, როდესაც პასუხისმგებელი პირები სახელმწიფოზე ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებენ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.