თავდაცვის ძალების მეთაურის სკანდალურ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეხმაურება. მისი თქმით, ის ვლადიმერ ჩაჩიბაიას კარგად იცნობს და უკვირს, რატომ დაიწყო მან რუსული აგრესიის ათვლა 2008 წლიდან.
ხიდაშელის განცხადებით, გენერლის სკანდალურ განცხადებას პრეზიდენტისა და პრემიერის მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია, რადგან მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არც 2008 წლის ომს მიიჩნევს რუსეთთან ომად. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, ხიდაშელის თქმით, ბახტაძე კი ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხში, ამაშიც ვერ ერკვევა.
„პრემიერს, ალბათ, არ ახსოვს, პრემიერს ნუ დავაბრალებთ, პატარა ბიჭია და არ იცის, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამე არ იცის. პრემიერი უდანაშაულოა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას სწორედ ეს პოზიცია აქვს. მე ვფიქრობ, რომ ის ფიქრობს, რომ ჩვენ 2008-შიც არ გვქონდა რუსეთთან ომი, ამიტომ, ალბათ, მას არ გაუჩნდებოდა ეს მოთხოვნილება, რომ რამე პრობლემა დაენახა ამაში. მთავარი ამ მთელ შემადგენლობაში თავად გენერალი ჩაჩიბაიაა, რადგან ის თვითონ არის ყველა ამ ომის მონაწილე, ის არ არის გუშინ ჯარში მოსული ადამიანი, რომელსაც წიგნებში აქვს წაკითხული, მაგალითად, აფხაზეთის ომი. არ არსებობს არცერთი მიზეზი, არცერთი საფუძველი არც სამართლებრივი, არც მორალური, არც სამხედრო სტრატეგიული, რომელიც გათქმევინებს, რომ აფხაზეთის ომი იყო სამოქალაქო ომი. მას მგონია, რომ კარგად ვიცნობ და არანაირ ლოგიკაში არ არის, იცნობ, რა გენერალ ჩაჩიბაიას, მისგან ასეთი რამის თქმა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.