უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა დასრულდა, რომლის შესახებაც პირველი განცხადება საბჭოს მდივანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი განმარტებით, დღეს იყო ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. გახარიამ აღნიშნა, რომ საპატიო მიზეზების გამო, ორი მუდმივი წევრი სხდომას არ ესწრებოდა.
მის განცხადებით, პრემიერისგან მათ მიიღეს დავალებები. გახარიამ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მან საბჭოს წევრებს გააცნო სტრუქტურა საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
„ეროვნულ უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალებები, რომელსაც შევასრულებთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პანკისთან დაკავშირებით მათ მიიღეს კონკრეტული დავალება პრემიერისგან, რომელსაც შეასრულებენ, თუმცა გახარიას არ დაუკონკრეტებია თუ რა დავალებაზეა საუბარი. გახარიას განცხადებით, უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში პანკისთან დაკავშირებით დეტალურად ხვალ პარლამენტში ისაუბრებენ.