ხმაურიანი ამბის სკანდალური გაგრძელება - ირკვევა, რომ გენერალ ჩაჩიბაიას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსული აგრესიისთვის, სამოქალაქო ომი მხოლოდ საჯარო მიმართვის დროს არ უწოდებია. ზუსტად იდენტური განცხადება გააკეთა მან, სპეციალური ოპერაციების მართვის ცენტრში, უცხოეთში მყოფ ჯარისკაცებთან საუბრისას. მაშინ, როდესაც ჩაჩიბაია, რუსეთის მიერ საკუთარი სახლებიდან, ნახევარი მილიონი ადამიანის გამოძევებას და ეთნიკური წმენდას, სამოქალაქო ომს უწოდებდა, ის თავდაცვის მინისტრთან ერთად იდგა. ლევან იზორია კი ამ განცხადებას მშვიდად ისმენდა. ვიდეომასალა სადაც ჩაჩიბაია ამ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, თავდაცვის სამინისტრომ გუშინ თავად გაავრცელა, თუმცა მას შემდეგ რაც დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა, ვიდეოჩანაწერი წაშალეს, ხმაურიანი ნაწილი ამოჭრეს და შემდეგ თავიდან გაავრცელეს, თუმცა თავდაცვის და უსაფრთხოების ეროვნულმა პლატფორმამ პირვანდელი ვიდეოს შენახვა მოასწრო და ის სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„28 წლის განმავლობაში არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გადაუტანია ისეთი მძიმე ხანა, როგორიც თავდაცის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა 4 ომი. უფრო სწორედ, სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ყველაფრისა, თავდაცვის ძალები ფეხზე დგას,“-განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.