საზიანო და ფუნდამენტურად მცდარი - ასეთია ოპოზიციის შეფასება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ვლადიმერ ჩაჩიბაიას სკანდალურ განცხადებაზე, რომელმაც აფხაზეთში და სამაჩაბლოში რუსულ აგრესიას "სამოქალაქო ომი" უწოდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყოველთვის როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, მთავარი მოქმედი პირი იყო რუსეთის ფედერაცია.
„პირველ რიგში მინდა, რომ ჩემი პატივისცემა დავადასტურო ბატონი ჩაჩიბაიას მიმართ. გენშტაბის უფროსის მიმართ, მისი მრავალწლიანი სამსახურის მიმართ საქართველოს წინაშე. ეს ასეა და კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ასეთი პერსონისგან გვესმის ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უაღრესად საზიანო და ფაქტობრივად მცდარი, ფუნდამენტურად მცდარი თეზისი. ჩვენ არ გვქონია სამოქალაქო ომი. ჩვენ შეიძლება გვქონდა ჩვენს მოქალაქეებს შორის მათშორის ეთნიკურ ნიადაგზე ისევ და ისევ რუსეთისგან წახალისებული დაპირისპირება, მაგრამ საომარ მოქმედებებში მთავარი ფაქტორი და მოქმედი პირი ყოველთვის იყო რუსეთის ფედერაცია,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ჩაჩიბაიას განცხადებას ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებს „რესპუბლიკური პარტიაც.“ თამარ კორძაია პარალელს პრეზიდენტის განცხადებასთან ავლებს, რომელმაც ამერიკის ბაზების საქართველოში განთავსებას საფრთხის შემცველი უწოდა. კორძაიას თქმით, პრეზიდენტი და თავდაცვის უწყება აკეთებენ ძალიან საშიში განცხადებებს საქართველოსთვის.
„ქვეყნის მთავარსარდლის ცვლილება ნეგატიურად აისახა საერთოდ თავდაცვის სისტემაზეც იმიტომ, რომ ძალიან შეხმატკბილებული განცხადებები კეთდება როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე გენშტაბის წარმომადგენლების მხრიდან. რაც ძალზედ საშიშია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივად დამანგრეველი განცხადებები. ის, რომ თურმე ჩვენ აფხაზეთში გვქონია სამოქალაქო ომი და თურმე ჩვენთვის საფრთხის შემცველია ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება. ორივე ეს განცხადება არის ძალიან დამაზიანებელი. არ შეიძლება სამხედრო პირმა, კანონით მას ეკრძალება აკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ამიტომ მან ამაზე დისწიპლინურად უნდა აგოს პასუხი,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.