აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ახალ თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძის დანიშვნას, საბჭოს წევრების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი განცხადებით, აბაშიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კერძოდ კი სუს-ის მითითებით დაინიშნა, რაც მათთვის მიუღებელია.
საბჭოს წევრების ნაწილი, დღეს მკაცრად აკრიტიკებდა რუსლან აბაშიძის კანდიდატურას და ამბობდნენ, რომ არ ჰქონდათ საკმარისი დრო, მისი ბიოგრაფიის და პროგრამის გასაცნობად.
„მე ვკითხე მას, უხერხული ხომ არ არის, ეს ცოტა ხელების გადაგრეხვას ემსგავსება. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ შეუწუხებია თავი, ჩვენ ვიყავით იგნორირებული. ჩვენ გვითხრეს, აიღე ეს კანდიდატურა, არის ჩვენს მიერ მიღებული. ჩვენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ეს უთხრეს და მან ეს ჩვენ მოგვახსენა. რამდენადაც მე ვიცი, ეს სუს-ში უთხრეს“ - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნუგზარ მგალობლიშვილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კიდევ წევრი, ნუგზარ ჯგუბურიაც მიიჩნევს, რომ რუსლან აბაშიძის კანდიდატურა პირდაპირ, ხელისუფლების მიერ იყო დასახელებული.
„დღეს ცენტრალური ხელისუფლება არის ძალიან სუსტი. როცა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა ხელისუფლებიდან ხდება, მან უნდა წარადგინოს. ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ყოფილიყო ოფიციალურად, რომ წარედგინათ აბაშიძე“ - ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნუგზარ ჯგუბურია.
რუსლან აბაშიძის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანზორ წოწონავაც. მისი თქმით, მათ საკუთარი კანდიდატი ვეტერანი კანდიდატი ჰყავდათ.
„ჩვენი კანდიდატი გვყავდა ჩვენ, ვეტერანი მებრძოლი ვაჟკაცი ბიჭი, რომელმაც იცის აფხაზეთი, უყვარს თავისი ხალხი, უმუშავია თავის ხალხთან და კანდიდატურა განიხილეს ერთ-ერთი პიროვნება, როგორც გავიგე აბაშიძე, ვეტერანის კანდიდატი, ბატონი ჯანდრი უბირიას კანდიდატი არ განიხილეს. ამიტომ დავიტოვეთ ჩვენ უმაღლესი საბჭო“ - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანზორ წოწონავა.
ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი