საქართველოს სამხედრო ძალების მეთაურის სკანდალური განცხადება, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორია თავდაყირა დააყენა. 1990 -იანი წლების ორი ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამოქალაქო ომად გუშინ ორჯერ გამოაცხადა და პრაქტიკულად რუსეთს, ქართველების ეთნიკურ წმენდაზე და ნახევარ მილიონამდე ადამიანის საკუთარი სახლებიდან გამოძევებაზე პასუხისმგებლობა თავიდან ააცილა.
ანტისახელმწიფოებრივი ფრაზა გენერალმა ჩაჩიბაიამ ქვეყნის მთავარსარდლის, სალომე ზურაბიშვილის, პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით თქვა. თუმცა არც ერთს მის განცხადებაზე რეაქცია არ ჰქონია და არც განმარტება არ გაუკეთებია. დღეს თავის მართლება მხოლოდ თავად გენერალმა სცადა და თქვა რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლიჯეს.
განცხადება, რომელიც ჩაჩიბაიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზად მონათლა გენერალმა გუშინ ერთ საათიანი ინტერვალით ორჯერ გააკეთა: პირველად მაშინ, როდესაც არმიას პროფესიულ დღე მიულოცა, მეორედ კი რუსეთთან ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩაჩიბაიამ სამოქალაქო დაპირისპირებად, ოპერაციების მართვის შტაბში გამოაცხადა, სადაც ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ჯარისკაცებს არმიის 28 წლის იუბილე მიულოცა.
მას შემდეგ რაც გენერალ ჩაჩიბაიას განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა, თავდაცვის უწყებამ ოფიციალური ვებგვერდიდან მიმართვა აიღო, სკანდალური ფრაზა ამოჭრა და მასალა ხელახლა ატვირთა. თუმცა მასალის დამონტაჟებამდე ვიდეოს ჩამოტვირთვა სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნულმა პლატფორმამ მოასწრო.
ოპოზიციისთვის, რომელმაც კარგად იცის ჩაჩიბაიას სამხედრო გამოცდილება ასეთი მძიმე შეცდომა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. სკანდალურ განცხადებებში ხელისუფლების ოპონენტები რუსულ ნარატივს ხედავენ. პოლიტიკური ძალები ჩაჩიბაიას განცხადებას სახიფათოს უწოდებენ.
პოლიტიკური ძალები არამხოლოდ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ლევან იზორიას განმარტებებსაც ელოდებიან. უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ თავდაცვის მინისტრი იქნება შემდეგი მინისტრი, რომელიც საკუთარ სავარძელს გამოემშვიდობება.