19 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
გიორგი გახარია პოზიციებს იმყარებს - ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი, უსაფრთხოების საბჭოსაც უხელმძღვანელებს 

"ქართულ ოცნებაში" ძალოვანი დაჯგუფებების დაპირისპირების ახალი ეტაპი იწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის კონფლიქტში პოზიციებს გიორგი გახარია აძლიერებს. მინისტრის და ვიცე პრემიერის პოსტს დღეიდან გახარიამ უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მდივნის თანამდებობაც შემატა. რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახური ფაქტობრივად გახარიას დაქვემდებარებაში გადადის. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაეკისრა. შს მინისტრს იმ უწყების კოორდინირება ჩააბარეს, რომელმაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებსა და რისკებზე უნდა იმსჯელოს.

მედიამ დაწერა, რომ გახარიამ „ოცნების“ შიგნით მორიგი დაპირისპირება მოიგო და ახალი პოსტი მისთვის ამის დასტურია. გამოცემა პრესა.ჯი,  შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის დაპირისპირებაზე წერს, რომელიც მათი ინფორმაციით, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყო, როცა გომელაურის მუშაობით უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნების მეორე ტური გახარიას ჩააბარა.

გუნდის შიგნით დაპირისპირებას გამორიცხავს „ქართული ოცნება“.  გახარიას ახალ კიდევ ერთ თანამდებობაზე დანიშვნას კი იმით ხსნიან, რომ 8 კაციანი მუდმივმოქმედ საბჭოში პოსტი შინაგან საქმეთა მინისტრს ყველზე მეტად ეკუთვნოდა. გუნდიდან წასულები კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით გახარიას პირობით გაძლიერებაზე ბევრმა იეჭვიანა.

გიორგი გახარიას ხვალ პარლამენტში ელიან. TBC, პანკისი, წინასაარჩევნოდ მისთვის ჩაბარებული მეორე ტური - ოპოზიცია კრიტიკული კითხვების დასმისთვის ემზადება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები