19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
87 ხმით მიღებული მოსამართლეების კანონი და "ოცნებიდან" დემარშით წასული კიდევ ერთი დეპუტატი - ოპოზიცია მმართველ გუნდს ქვების რევოლუციას ჰპირდება

87 ხმით პარლამენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონი მესამე მოსმენით მიიღო. სასამართლო კლანის მმართველობის დაკანონებას, მმართველი გუნდიდან წითელი შუქი დღეს ლევან კობერიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ აუნთო. ერქვაია მმართველ გუნდში დარჩა, თუმცა წითელი ღილაკის მესამედ გამოყენების შემდეგ, ლევან კობერიძემ ივანიშვილის პარტიაც და ფრაქცია “ქართული ოცნებაც” პროტესტის ნიშნად დატოვა. იქვე ყოფილი თანაპარტიელებიც გააფრთხილა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის ხელში სასამართლოს დატოვება და 87 ხმით მიღებული კანონპროექტი ნაღმია, რომელმაც შეიძლება ერთ დღეს მმართველი პარტიაც ააფეთქოს.

ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილის კვოტით მმართველ პარტიაში მისული კობერიძე ამ ეტაპზე დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის პროცესს ტრადიციული კომენტარით შეხვდა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. პოლიტიკაში კობერიძესთან ერთად მისული მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ფრაქციიდან ხალხის დემარშით წასვლაში უჩვეულო არაფერია.

ლევან კობერიძის ამ გადაწყვეტილებას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მწვავე დებატები უძღოდა სხდომათა დარბაზში. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პროცესის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა, ყოფილ თანაგუნდელებს კი შეახსენა, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვალში არიან.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება, ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისია. მმართველ გუნდს ოპონენტები ქვების რევოლუციას უწინასწარმეტყველებენ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები