საფრანგეთის დედაქალაქი ნაომარ ზონას ჰგავს. დღის პირველი საათიდან პარიზის სხვადასხვა ქუჩაზე პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ვითარება საპირველმაისო აქციაზე მონპარნასის ბულვარში დაიწყო, სადაც მოძრაობა ყვითელი ჟილეტების აქტივისტებს ანარქისტული დაჯგუფების შავი ბლოკის წევრები შეუერთდნენ.
სწორედ მათ ადანაშაულებენ შეტაკების პროვოცირებაში, რადგან სპეცრაზმელებს ბოთლები და ქვები სწორედ ამ დაჯგუფების წევრებმა ესროლეს. ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე ისინი პარიზის აღებით იმუქრებოდნენ.
სპეცრაზმმა მათ მიმართ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მაგრამ უმეტესად მშვიდობიანი მომიტინგეები დაზარალდნენ. მონპარნასის ბულვარში 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.
მონპარნასის ბულვარიდან მსვლელობა იტალიის მოედნის მიმართულებით გაგრძელდა. ქუჩაში გამოსული ხალხი ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას და სოციალური პრობლემების მოგვარებას მოითხოვდა, თუმცა აქციაზე პოლიტიკური შინაარსის ლოზუნგებსაც სკანდირებდნენ.
გეგმის თანახმად, საპირველმაისო მსვლელობა იტალიის მოედანზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დემონსტრანტებმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიეს. აქციის მონაწილეთა ნაწილს ახალგაზრდების ჯგუფი ისევ გამოეყო და სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. დაწვეს და დაამტვრიეს მანქანები. გზებზე აყარეს ასფალტი და პოლიციელებს ესროდნენ.
საფრანგეთის პროფკავშირების ხელმძღვანელობა სპეცრაზმს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რადიკალური დაჯგუფებების წევრთა ნაცვლად ისინი მშვიდობიან მომიტინგეებს უსწორდებოდნენ. მათი შეფასებით, დღევანდელ ღონისძიებებში 55 ათასი ადამიანი იყო გამოსული.
ამ დროისთვის დაკავებულია 250-ზე მეტი ადამიანი, უცნობია დაშავებულთა რაოდენობა.