19 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
პანკისის მოვლენები, მაჩალიკაშვილის, სარალიძის, კერზაიას საქმეები... - ოპოზიცია გახარიას პარლამენტში მწვავე კითხვებით ელოდება

ოპოზიცია დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს მწვავე კითხვებით ხვდება. კანონმდებლებთან ანგარიშის ჩასაბარებლად გიორგი გახარიას 12:00 საათისთვის ელოდებიან. მთავარი კითხვები პანკისის ხეობაში დაპირისპირებას, ბოლო პერიოდში გაზრდილ კრიმინალსა და გამოუძიებელ საქმეებს შეეხება.

"რატომ და რანაირად დაიგეგმა ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა იმ დღეს პანკისის ხეობაში, ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი. ჩვენ არ დავკმაყოფილდებით რაღაც ზოგადი სადღეგრძელოებით, უნდა აგვიხსნას რატომ გადადგეს ნაბიჯი, რომელზეც მერე თვითონვე დაიხიეს უკან, ოღონდ ამ პროცესში მიაყენეს ზიანი პოლიციელებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეებს კანონის უზენაესობას, ყველაფერს,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი იმედს გამოთქვამენ რომ მინისტრი საკუთარ პასუხისმგებლობას გონივრულად მიუდგება და პასუხს გასცემს კითხვებს ყველა იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც ბოლო წლებში გადროვდა.

"თუ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ეძახის უმრავლესობა შოუს, ან სარალიძის საქმის გამოძიებას, ან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას, ან ია კერზაიას სიკვდილის გამოძიებას, ან პანკისის მოვლენებს თუ ეძახის შოუს უმრავლესობა, მაშინ რა თქმა უნდა მათგან ვერაფერ ლოგიკურს ვერ მოვისმენთ. თუმცა მინისტრისგან მაინც იმედი მაქვს რომ ოდნავ უფრო გონივრულად მიუდგება მის პასუხისმგებლობას,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა. 

შს მინისტრთან შეკიტხვები აქვს უმრავლესობიდან დემარშით წასულ ეკა ბესელიასაც. მისი თქმით პანკისის მოვლენებს გაანალიზება და მეტი სიცხადე სჭირდება.

"ეს რაც მოხდა პანკისში ალბათ საჭირო არის უფრო მეტი ანალიზი ამ საკითხებზე და მეტი სიცხადე იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ოპერაციამ გააჩინა შედეგების თვალსაზრისით,"-აცხადებს ეკა ბესელია.

მინისტრთან კითხვები ექნება უმრავლესობაც. სამთავრობო საათის ფორმატში გახარია დეპუტატების შეკითხვებს პირველად უპასუხებს.

"მე ვიძლევი გარანტიას რომ დაისმება რეალური საგნობრივი კითხვები,რაც რეალურად საქმეს სჭირდება. ჩვენ ველოდებით ოპოზიციიდან ამისგან განსხვავებით კრიტიკულ კითხვებს, რომელიც რეალობასთან არ იქნება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები