ვახტანგ გომელაურის მოადგილის იუსტიციის სამინისტროში გადაყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის ხისტი განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ტრადიციულად პოპულისტობენ და რომ ამ საკადრო ცვლილებაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ში თავის დროზე სწორედ იუსტიციიდან გადავიდა. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ტაბატაძის იუსტიციის სამინისტროში გადაყვანის მიზეზი უწყებაში სუს-ის გაძლიერებაა. ვახტანგ გომელაურის უკვე ყოფილი მოადგილის მთავარი ფუნქცია იუსტიციის სამინისტროში პენიტენციური დაწესებულებების კონტროლია.
"მე არ მომწონს საერთოდ სუს-ის კადრებზე ისე საუბრობენ გეგონება 24 საათიან რეჟიმშია რ გვიცავენ და არ მუშაობენ ეს ხალხი. ტაბატაძე იყო გარკვეული პერიოდი იუსტიციის სამინისტროში, არის შესანიშნავი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალი, ვერაფერს ვერ ააგებ აქედან სკანდალურს, მაგრამ გაწვრთნილები არიან ესეთი ხეპრული განცხადებების კეთებაში ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი და რასაკვირველია მოსალოდნელიც იყო ესეთი განცხადება,"-აცხადებს გია ვოლსკი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ტაბატაძის გადაყვანა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მას მხოლოდ და მხოლოდ მისადმი მორჩილებაზე აქვს აგებული.
"ერთადერთი ლოგიკა, რომელსაც ივანიშვილი იყენებს საკადრო პოლიტიკის განხორციელების დროს, ეს არის მის მიმართ ადამიანის მორჩილება და ივანიშვილის მიმართ ლოიალურობა. გომელაური თავის მოადგილეს მიავლენს თეა წულუკიანთან და სწორედ მის კომპეტენციაში იქნება პენიტენციალური სისტემის კონტროლი. ეს ნიშნავს რომ სუს-ი ცდილობს არ გაუშვას ხელიდან პენიტენციალურ სისტემაზე კონტროლი,"-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.