19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
სამადაშვილი გახარიას: "ჩვენ რომ არ გვქონდეს ივანიშვილის შპს ქვეყანაში, თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს"

"ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს აქ ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად თქვენი გადაგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან," - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში იმყოფება.

ოპოზიციის წარმომადგენლების ძირითადი შეკითხვები პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მინისტრმა არაკომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პოლიცია ხეობაში ჩაიყვანა.

სალომე სამადაშვილმა პროდიუსერ მაია სტეფნაძის საქმეც გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედიდან“ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე დაწერილი პოსტის გამო გაათავისუფლეს.

„რამდენიმე დღის წინ არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით, მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა დააყენეთ ქართული პოლიციის რეპუტაციას და უზარმაზარი წვლილი შეიტანეთ პოლიციისა და კონკრეტული მოქალაქეების ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების მანძილზე. ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს აქ ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად თქვენი გადაგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან. რა არის გამოსავალი, რომელიც აქვს ხელისუფლებას, თუ გამოსავალი გგონიათ, რომ არის, რომ სამთავრობო მედიასაშუალებებმა გაათავისუფლონ სამსახურიდან ყველა ჟურნალისტი, ვინც ამ საკითხვაზე კითხვას სვამს, ეს არ არის გამოსავალი, როგორც ეს ქალბატონი სტეფნაძის შემთხვევაში მოხდა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, რომან გოცირიძე კი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა. მან მიმართა შეკითხვით გახარიას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის პროექტი ჩააგდო.

"ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი კი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილის პოზიციას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები