„საერთოდ აზრს ვეღარ ვხედავ აქ რომ მოვიდე - ერთი და იგივე შეკითხვებს იმეორებთ,“ - ამ განცხადებით, შს მინისტრმა ოპოზიციას მიმართა. გიორგი გახარია დეპუტატების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მათ შს მინისტრი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე არმისვლის გამო გააკრიტიკეს.
გახარიას განცხადებით, პარლამენტში სხვა ფორმატში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს. გახარიამ "ევროპული საქართველოს" წევრს ხათუნა გოგორიშვილის განცხადებას უპასუხა და ოპოზიციონერ დეპუტატს ობიექტურობა დაუწუნა.
„კომიტეტზე ჩემი არმოსვლის შემდეგ თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ გახარიას ეშინიაო კითხვების. მეხუთედ ვდგავარ აქ, აქაც იგივე ფორმატია, აქაც ზუსტად იგივე კითხვების დასმის უფლება გაქვთ. არ გაკმაყოფილებთ? ბოდიში... რაიმე სანქცია თუ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ, აზრს ვერ ვხედავ უბრალოდ. სხვათა შორის, იმ დროს, როდესაც იქ თქვენ პოლიტიკური ცირკი უნდა მოაწყოთ, ცირკი ჩვეულებრივი, მე შეიძლება ცოტა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდეს,“ - განაცხადა გახარიამ.
მინისტრის ამ განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილმა ხათუნა გოგორიშვილი გააკრიტიკა და რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
„დამშვიდდით, დაწყნარდით და მშვიდად მოუსმინეთ და თქვენი კითხვა შემოინახეთ დაზუსტებისთვის,“ - მიმართა ჩუგოშვილმა გოგორიშვილს.
გახარიამ დეპუტატების კრიტიკის კიდევ ერთ ნაწილს უპასუხა, რომელიც ეხებოდა ფრაზას - "მიმდინარეობს გამოძიება". შს მინისტრის თქმით, მისი უწყების კონცეფტუალური მიზანი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სწორედ ეს იქნება.
„დღეის მდგომარეობით შსს-ს ძირითადი ამოცანა, კონცეფტუალური, იმის შემდეგ, თქვენ რომ არ გეჯერათ სტატისტიკას ვერ გამოაქვეყნებთო რომ იძახდით და რომ გამოვაქვეყნეთ, იმის შემდეგ, ახლა გეუბნებით, რომ შსს-ს კონცეფტუალური მიზანი შემდეგი არის, რომ მიმდინარეობს გამოძიება - ჩვენი ლექსიკიდან ამოვიდეს. კმაყოფილი ხართ? სტატისტიკაზე ერთი წელი დაგვჭირდა, ამასაც მოვერევით ერთ წელიწადში," - განაცხადა გახარიამ.