უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონი ძალაში შევიდა. პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს ხელი მოაწერა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები, როგორ საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან.
„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებდა მათ არ ჰქონიათ.
„ჩვენ არ გვქონია მოლოდინი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ამ მეთოდებით გაიყვანა ივანიშვილის გუნდმა და გაიყვანა იმისთვის, რომ ასეთი მინიმალური თავის ტკივილი მაინც არ შეექმნა მათთვის და მხოლოდ საქართველოს ინტერესებისთვის მიეყენებინა ზიანი, ამას გააკეთებდა. ჩვენ ხატოვნად, რომ გითხრათ ვეტო ამ პრეზიდენტს, იმ გუნდს და იმ ადამიანს ივანიშვილის ვინც ეს სიტუაცია შექმნა უნდა გამოვუცხადოთ არჩევნებზე,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ანალოგიური პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“. თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტს არ ეყოფოდა გამბედაობა, რომ დოკუმენტისთვის ხელი არ მოეწერა.
„არანაირი მოლოდინი არ მქონია, რომ ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც საპრეზიდენტო სკამზე მოპარული არჩევნებით დასვა ბიძინა ივანიშვილმა ეყოფოდა გამბედაობა და სახელმწიფოებრივი ხედვა იმისთვის, რომ მურუსიძე-ჩეინჩალაძის კლანის კანონპროექტზე, მათზე და მათ ინტერესებზე მორგებულ კანონპროექტზე ვეტო დაედო. ეს არის სრულიად ნომინალური ფიგურა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური არც უფლებამოსილება და არც პასუხისმგებლობის შეგრძნება არ გააჩნია. არის მოსიარულე სკანდალი,“-განაცადა თინა ბოკუჩავამ.