დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას, სადაც კვირაზე მეტია ვითარება გაურკვეველია და უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, შს მინისტრი ეხმაურება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ დავით გარეჯში არსებულ პრობლემას ორი ქვეყნის ხელისუფლება მოაგვარებს.
მისივე თქმით, საქართველოს ერთადერთი ოკუპანტი ქვეყანა რუსეთია და სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისგან გაკეთებული განცხადებები, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.
„რა ხდება და როგორ ვხედავთ დავით გარეჯთან მიმართებაში ამ საკითხის გადაჭრას. ფრთხილი საკითხია, ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მძიმედ დგას 96 წლის შემდეგ. ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა ქვეყნის. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი მოძმე ერი და რა თქმა უნდა, დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში, ჩვენ ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ეხება როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს. ასევე შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესების სფეროში და აქ ორი აზრი არ არსებობს. ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასებები. ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვა ყველა ჩვენი მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილს ამ დრომდე ისევ მეზობელი ქვეყნის სამხედროები აკონტროლებენ.