"ისევ კერზაია..."- შს მინისტრის ამ რეპლიკას საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტებმა გიორგი გახარიას მოსთხოვეს განემარტა, რას ნიშნავდა აღნიშნული რეპლიკა, ჩანიშნული კითხვის წაკითხვისას. მინისტრმა განმარტებით, დეპუტატები ერთი და იგივე კითხვას სვამენ და სწორედ გამეორებულ კითხვებს უკავშირდებოდა მისი შეფასება.
„უბრალოდ ვთქვი, რომ კერზაიას ტრაგედიის შემთხევაში, რა თქმა უნდა, პროცესი უნდა დაჩქარდეს, პროკურატურამ თავისი სიტყვა უნდა თქვას და გამოძიება უნდა დასრულდეს. ხომ ვთქვი, ისევ კერზაია,“ -განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრი ამბობს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი უნდა დაჩქარდეს. გახარიას განცხადებით, პროკურატურამ თავისი სიტყვა უნდა თქვას.
"ბატონო თენგიზ, კერზაიას შემთხევაში თქვენ მეუბნებით, რომ ოპერატიულ უზრუნველყოფას პროკურატურას ვინ უკეთებსო. სამოხელეო მუხლით არის აღზრული საქმე, რომელიც სრულად არის პროკურატურის საგამოძიებოს კომპეტენცია. პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა... რა პასუხს ელოდებით ჩემგან. ზოგი იცვლება, ზოგი არ იცვლება, მე ახლა ფსიქოანალიზს ხომ არ ჩავატარებ კონკრეტულად ცალკე აღებული პიროვნებების,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.