19 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა"- ია კერზაიას საქმეზე საუბარს მწვავე დებატები მოჰყვა

დაუსჯელობის სინდრომი, მაჩალიკაშვილის საქმე, ია კერზაიას საქმე - შს მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიორგი გახარია გახმაურებული საქმეების ამ დრომდე გამოუძიებლობის გამო გააკრიტიკეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კი მსგავსი საქმეების ამ დრომდე გაუხსნელობის შეფასებისას სიტყვა „უნამუსობაც“ გამოიყენა.

„ნამდვილად უნამუსობაა სკოლის დირექტორის სიკვდილამდე მიყვანა იმიტომ, რომ მას არ სურდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვა. დიახ, ნამდვილად, ეს უნამუსობაა. ნამდვილად უნამუსობაა ახალქალაქის ძალადობაზე ადამიანების არდასჯა. უნამუსობაა ნამდვილად, როდესაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს საკუთარ ლოგინში, ოჯახის წინ დახვრეტ, არ გამოიძიებს ამ დანაშაულს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა კი მინისტრმა პროპაგანდისტულ გზავნილად შეაფასა.

„ის ტრაგედია, რომელიც ქალბატონ ია კერზაიასთან დაკავშირებით მოხდა, შვიდმა-რვა ადამიანმა პოლიტიკური მესიჯის სახით ჩვეულებრივი პროპაგანდისტული სახით გაიმეორეთ და ეს არის უდიდესი მორალური პრობლემა,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ია კერზაიას საქმეზე გამოძიება მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო.

„პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, თქვენ რომ მითხარით მაშინ, კონტექსტი ხომ გახსოვთ, კონტექსტი იყო, რომ მაშინ თქვენ მე მითხარით და ბრალი დამდეთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება რომ არ იწყებაო და არც დაიწყებაო. გითხარით, რომ ნახავთ, დაიწყება თუ არა და გამოძიება დაიწყო,“ - განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები