შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა კონკრეტულ კითხვას გაურბის - ასეთია ოპოზიციის შეფასება პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, შს მინისტრმა მნიშვნელოვანი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს გიორგი გახარიასთან კითხვები ძირითადად პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე, ია კერზაიასა და სხვა გამოუძიებელ საქმეებზე ჰქონდათ.
"როდესაც მინისტრმა ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა და პასუხის გაცემისა თუ თავის დაძვრენის ერთ-ერთი ფორმა იყო ის, რომ თურმე ეს მე არ მეხება, წადით და პროკურატურას ჰკითხეთ, მაშინ ვის ეხება ის უამრავი გამოუძიებელი საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშივე იყო ხელდაფარებული და ჩავარდნილი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის წევრების თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი დღევანდელ გამოსვლაში ცინიკური იყო. მათი თქმით, გიორგი გახარიამ ოპონენტების დააბრალა პოლიციის დისკრედიტაცია და პოლიტიზირება.
„გიორგი გახარიას სპეციფიკური სტილი ჩამოუყალიბდა. ის არ პასუხობს არცერთ მნიშვნელოვან საკითხს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ია კერზაიას საქმე, ხორავას საქმე, პანკისის თემა, თუ ნებისმიერი სხვა კითხვა. ყველა კონკრეტულ კითხვას ის გაურბის. დღეს, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ცინიკური და მიუღებელი სტილი შეარჩია, როდესაც აქეთ დააბრალა ოპოზიციას საკითხების გაპოლიტიკურება, პოლიციის დისკრედიტაცია და პოლიციის პოლიტიზაცია,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.