19 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
შავი ჯიპებიდან ავტობუსებში - საჯარო მოხელეებს გარემოს დაცვის კომიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის რეკომენდაციით მიმართავს

შავი ჯიპებიდან ავტობუსებში - საჯარო მოხელეებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის რეკომენდაციით მიმართავს. თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.

კახა კუჭავა ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაგალითი საზოგადოებას სწორედ საჯარო მოხელეებმა უნდა მისცენ.

კანონმდებელთა ნაწილი კამერის წინ ამტკიცებს, რომ მეტროსა და ავტობუსით უკვე მგზავრობს, ზოგი კი ავტომობილის დათმობას არ გეგმავს, თუმცა მზადაა ჰიბრიდულ მანქანაზე გადაჯდეს.

მათთვის, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ გადაჯდება, გარემოს დაცვის კომიტეტს სხვა მოთხოვნა აქვს - სახელმწიფო ბიუჯეტით შესყიდული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდულ ძრავაზე უნდა მუშაობდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „შევაჩეროთ კორუფცია“ დათვალა და გაარკვია, რომ დღემდე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები სახელმწიფო შესყიდვებისას პრიორიტეტული არ არის. მაგალითად, 2019 წელს შსს-ს მიერ შეძენილი 355 მანქანიდან, რომლის საერთო ღირებულებაც ოც მილიონს აჭარბებს, არცერთი არის ჰიბრიდული. სხვა უწყებების მიერ დახარჯული თითქმის 13 მილიონიდან მხოლოდ 4 ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე მანქანაა შეძენილი, რომელიც მერიამ იყიდა.

რამდენიმე ექსპერიმენტით ჰაერის ხარისხი გაიზომა რეკრეაციულ ზონებსა და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, საიდანაც ირკვევა, რომ დაშვებულ ზღვარს ყველა მონაცემი ცდება. მაგალითად გმირთა მოედანზე მტვერი დაშვებულზე 7-ჯერ მეტია.

გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ყველა უწყებამ 2 თვის ვადაში უნდა უპასუხოს. სამინისტროებმა და მერიამ უნდა წარადგინოს გეგმა, როგორ აპირებს შეასრულოს მოთხოვნები, ან განმარტოს, რატომ არ შეასრულებს მათ.

დღის ამბები