„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს მოსამართლეების შესახებ პრეზიდენტმა კითხვების და შეყოვნების გარეშე მოაწერა ხელი. იურისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მცდელობა დღეს უშედეგოდ დასრულდა.
პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა. მაშინ, როდესაც 16 ცნობილი ქართველი იურისტის სახელით, ორბელიანის სასახლეში ხელმოწერები შეჰქონდათ, ზურაბიშვილს სასამართლოების შესახებ კანონი უკვე ხელმოწერილი ჰქონდა და ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ისტორიულ შენობაში ხვდებოდა. გავლენიანი ქართველი იურისტები ამბობენ, რომ ამ ერთი ხელმოწერით პრეზიდენტმა სასამართლოში კლანური მმართველობა გააძლიერა.
კანონი საერთო სასამართლოების შესახებ გამოქვეყნებისთანვე ამოქმედდება, თუმცა დღევანდელი დღის შემდეგ მის ძალაში შესვლას საფრთხე აღარ ემუქრება. ბოლო ბარიერი პრეზიდენტი იყო, რომელიც გადალახულია. იურისტები ამბობენ, რომ 2019 წლის 2 მაისი სასამართლოსთვის ისტორიული თარიღია, ამ დღეს მოქალაქეებს პრეზიდენტის ხელმოწერით, საბოლოოდ წაართვეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის შანსიც.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მთავარი ეპიცენტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხდება. სწორედ მან უნდა შეარჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.
სასამართლოს კლანის ლობირებული კანონპროექტი როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ხელისუფლებას მოსწონს. დღეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც არ დამალა, რომ იმედგაცრუებულია.
ავტორი: ნინო გაზდელიანი