„ევროპული საქართველოს“ ლიდერები სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდნენ.
პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრის დროს არჩევნების მიმდინარეობასა და სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს.
„შიდა დემოკრატიის თემები არის ის, რაც ყველაზე მეტად აღელვებს დღეს ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში, ევროპაშიც. შიდა დემოკრატიის თემები არის ის, სადაც საქართველო განიცდის ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან ეროზიას და უკუსვლას და ამიტომ ჩვენი ამოცანა ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის სწორედ ის, რომ გავაგებინოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გაგრძელდეს საქართველოს განვითარება,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
შეხვედრა მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან გამართეს. მთავარი საკითხი არჩევნებისთვის მზადება იყო.
„საარჩევნო პროცესში დაშვებული შეცდომები, დანაშაულებები, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, შავი ფულით დაფინანსება საარჩევნო კამპანიის - ყველაფერ ამაზე გამახვილდა ყურადღება. თავდაცვისუნარიანობა საქართველოსი, რაც როგორც თქვენ გესმით, ალბათ, გაცილებით, მეტს მოანდომებს საქართველოს მოქალაქეს,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.