61 მომხრე 18 წინააღმდეგ - ზოგადი განათლების შესახებ კანონპროექტი უმრავლესობამ პირველი მოსმენით ჩააგდო. საუბარია ხმაურიან კანონპროექტზე, რომელიც ტერმინ ლიბერალიზმის ამოღებას გულისხმობს.
ინიციატორები ამბობენ, რომ კანონპროექტის ინიცირება შესწორებული ვარიანტით ხელახლა მოხდება. კენჭისყრას წინ ხმაურიანი დებატები უძღოდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროექტის საბოლოო სახით დაზუსტებამდე კენჭისყრის გადადება მოითხოვეს.
„დაბრუნდეს ეს უკან, გაასწორეთ და ისე შემოიტანეთ პირველი მოსმენით. იმიტომ, რომ თავისთავად, ახლა პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი ახლა როგორიც არის, რომ ლიბერალური ღირებულებები თურმე სულისკვეთებას წინააღმდეგია,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.
ოპოზიციონერ დეპუტატს ცვლილებების ავტორმა, ნუკრი ქანთარიამ მიმართა და ის ვითარების განგებ დამძიმებაში დაადანაშაულა.
„მინდა ბატონ სერგოს მივმართო, რომ ნუ ამძიმებთ განგებ ვითარებას და ნუ ხატავთ ისე, რომ ბნელდება რაიმე ან ნათდება. თუ გნებავთ სათვალესაც გათხოვებთ დამატებით, კიდევ რომ წაიკითხოთ,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ხათუნა გოგორიშვილმა კი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდა, რომ საკითხი კენჭისყრიდან მოეხსნა.
„სათვალეს გავიკეთებ, რომ ბატონმა ნუკრიმ არ ინერვიულოს და ისე მოგმართავთ ბატონო ირაკლი - მოხსენით კენჭისყრიდან, გაიარონ კონსულტაციები, ვისთანაც საჭიროა, ყველასთან და როდესაც შემოვა, უკვე ვიცოდეთ, ეწერება კონკრეტული ტერმინი თუ არ ეწერება,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.
ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია ნუკრი ქანთარიასთვის და ტერმინ ლიბერალურ-დემოკრატიულის ამოღების მიზეზი განმარტა.
„ყველაფერი არის ჩაშლილი შიგნით - თანასწორობა, დამოუკიდებელი აზროვნებაც, თავისუფლება, ყველაფერი არის, მხოლოდ არის ამოღებული ტერმინი ლიბერალურ-დემოკრატიული, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური მიმდინარეობა და რადგან ზოგადი განათლების მიზნებში ასეთი ტერმინი არ უნდა გაჩნდეს,“ - განაცხადა ქანთარიამ.
აღნიშნული ტერმინის ამოღებას ასევე არ მიესალმება „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი.
„ნუ დაგვაყენებთ ისეთი არჩევანის წინაშე, რომ პირველ მოსმენაზე არ დავუჭიროთ მხარი, იმიტომ, რომ ზოგადად, პათოსი, რაც არის ამ კანონმდებლობის, გვინდა დავუჭიროთ მხარი, მაგრამ ამ მოცემულობას, რომელიც დღეს არის ტექსტში, ამას ვერ დავუჭეთ მხარს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ასევე მიმართა დავით ბაქრაძემ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.
„თურმე ჩვენ ახლა ვიღებთ რაღაცას, რომელსაც სინამდვილეში არ ვიღებთ და რომელსაც მერე მეორე მოსმენამდე კონსულტაციებს გავივლით და მეორე მოსმენაზე არ მივიღებთ იმას, რასაც ახლა ვიღებთ. მეგობრებო, აქ არ არის საუბარი კანონის შინაარსზე, საუბარია, რომ ელემენტარული თავმოყვარეობა უნდა გქონდეს როგორც პარლამენტის წევრებს, რომ ასეთ პირობებში არ ვუყაროთ კენჭი, ანუ რაღაცას აძლევთ ხმას, რასაც თურმე არ აძლევთ და მეორე მოსმენისას თურმე სხვა რამეს მიიღებთ და მოდი, დალაგდით, ჩამოყალიბდით, გაერკვიეთ და შემდეგ უყარეთ კენჭი,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის კრიტიკა სრულიად მიუღებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძისთვის.
„დავაყენებთ კენჭისყრაზე და ვისაც როგორ უნდა ისე მისცემს ხმას და გასაგებია, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ არის უჩვეულო ამბავი, რომ აზრთა სხვადასხვაობაა თითქოს გუნდში და გაგიჟდნენ, ახლა ჩამოყალიბდითო, მოგვიწოდებენ. ჩამოყალიბებულები ვართ, ზოგს სხვა აზრი აქვს და ზოგს სხვა. მაგრამ თქვენთვის არის გასაკვირი, გასაოცარი ამბავია და ჭკუის სწავლებას თუ შეიძლება თავი დაანებეთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.