ჰიბრიდული ომი, ყალბი ახალი ამბები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მცდელობები - სუს-ის მიერ დასახლებულ მთავარ გამოწვევებს უკვე მოჰყვა დეპუტატების პირველი შეფასებები.
ოპოზიციის თქმით, ის რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქვეყანაში საგარეო კურსის ცვლილებას და ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ, რეალურია და ეს საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის.
ოპოზიციის მტკიცებით, რას უპირისპირებს ამ საფრთხეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევ პასუხგაუცემელია.
„ეს საფრთხე რომ არსებობს, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიცით. უცნაურია ის, რომ ამ საფრთხეზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბატონი გომელაური, როდესაც ივანიშვილისვე გადაწყვეტილებით, დღეს საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად აჟღერებს იმ გზავნილებს, რომელიც ძალიან ხშირად არის სწორედ რუსეთის რბილი ძალის გავლენის გზავნილები. ვიცით, დიდი ხანია, რომ რუსეთი ცდილობს ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე გააჩინოს ქვეყანაში კონფლიქტები. კიდევ ერთხელ ბატონ გომელაურთან შეკითხვა არის, რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალოს. მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია აღარ მუშაობს უკვე მრავალი წელიწადია და რეალურად უკვე პრობლემა დარჩა და დღეს ამ პრობლემის გამოყენება ხდება სწორედ შესაძლო დაპირისპირების ინსპირირებისთვის, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პანკისში შექმნილ ვითარებაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე - არის ხელისუფლება,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.