„პატრიოტთა ალიანსი“ ახმოვანებს ტიპიურ პროპუტინულ თეზებს, რომ ნატო-ზე დახარჯული ფულის გამო, ბავშვები კვდებიან შიმშილით,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენის შემდეგ გააკეთა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ის რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქვეყანაში საგარეო კურსის ცვლილებას და ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ, რეალურია და ეს საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის.
„ლაპარაკია ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან ან ამ პოლიტიკურ განწყობილებებთან დაკავშირებული ჯგუფები ჩვენი ქვეყნის შიგნით, აქ პარლამენტში, მათ შორის, და პარლამენტს გარეთ, ეს ჯგუფები ძალიან ხშირად არიან ან მოკავშირეები მმართველი გუნდის, ან ძალიან დიდი გადაფარვა აქვთ ერთმანეთში. აი, გარეჯზე, ამ უპასუხისმგებლო, ძალიან საზიანო, მავნებლური კამპანიის ინიციატორები, გარდა ვიღაც გულწრფელი ადამიანის, არიან ის პირები, რომლებიც არიან შემჩნეული მმართველ გუნდთან და ეჭვი არსებობს, სპეცსამსახურთან პირდაპირ კავშირში. ანუ რა გამოდის რომ, სოციალურ ქსელებშიც ხომ ვიცით, რომ ნაცვლიშვილის ჯგუფები და ვინც არიან, მუდმივ გადაფარვაში არის," - განაცხადა ბოკერიამ.
დეპუტატი ვახტანგ გომელაურის პასუხებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ანტიდასავლური განწყობების ფორმირება ქვეყანაში, უსაფრთხოების სამსახურის ხელძღვანელს პასუხები არ აქვს.
"ეს არ არის პირველი მინი ან დიდი კრიზისი, სადაც ვხედავთ პირდაპირ კავშირს იმ სააგენტოებს, იმ მედიასაშუალებებს, იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის, რომელიც პრორუსულ ხაზს ატარებს, „პატრიოტთა ალიანს“ ვგულისხმობ და მთავრობის დაკვეთას ხომ და „პატრიოტთა ალიანსი“ არის, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა ღიად მხარი და დღეს ის ახმოვანებს ამ ტიპიურ პროპუტინულ თეზებს, რომ ნატო-ზე დახარჯული ფულის გამო ბავშვები კვდებიან შიმშილით. კლასიკური, ერთი ერთში და მთავრობას რომ ვთხოვთ გახარიას და ახლა მივალთ მაგ საკითხამდე სუს-ის ხელმძღვანელთანაც, რომ ამ საკითხს დაუპირისპირდნენ და როგორ აფასებენ ამას, არის დუმილი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.