„ძალა ერთობაშიას“ მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი, გრიგოლ ვაშაძე და ზურაბ მელიქიშვილი ამჯერად მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარას მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებს კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო, სადაც ყურადღება ახალგაზრდებისთვის საინტერესო დეტალებზე გაამახვილა. მუსტაფაევის თქმით, მისი გამარჯვების შემდეგ, შეიქმნება ახალგაზრდული ინიციატივების ხელშემწყობი ფონდი, რომელიც მათ მეტ შესაძლობებს მისცემს.
„დღეს ვართ ჩენ სოფელ ზემო სარაში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამ სოფლიდან მიდის იმისთვის, რომ შესაძლებლობა არ აქვთ ამ სოფელში. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად ჩვენ შევქმნით ახალგაზრდული ინიციატივების ხელშემწყობ ფონდს, რომელიც იმუშავებს მომავალში ახალგაზრდებისთვის,“- განაცხადა მუსტაფაევმა.
„ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქალაქის ინტერესებით იცხოვრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.“
„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მოქალაქის ინტერესებით იცხოვრებს და მისი პრობლემებით დაკავდება, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც შემადგენელი ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის. ყველა ამომრჩეველმა ეს იცის. მთავარი არის, რომ ამ ჩვენმა ამომრჩევლებმა გაუძლონ ზეწოლას, დაშინებას, კარდაკარ ჩამოვლას სუს-ის და მსგავსი უმსგავსო ორგანიზაციების მიერ, სააგენტოების მიერ და მთავარი არის, რომ ამ ხალხმა ისევე მისცეს ხმა თავის სინდისის და გონების შესაბამისად, როგორც ეს 2018 წელს გააკეთა,“- განაცხადა ვაშაძემ.