19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
„ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნეთ, რომ ეუთო-ს, ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული,“- აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. 

კომისიამ ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის და კულტურული გაცვლის სფეროებზე გაამახვილა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ ისინი მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებში გაწევრიანება სურს, თუმცა ეუთო-ს, ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

„დემოკრატიული საზოგადოება არის ის, რომელსაც გააჩნია მდგრადობა გარე აგრესიისადმი. ასეთ საზოგადოებას გააჩნია ფუნქციონირებადი კანონის უზენაესობა და ის იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნეთ, რომ ეუთო-ს, ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული. შეშფოთება გამოვთქვით, რადგან საქართველოს სურს ევროპულ ინსტიტუტებში  გაწევრიანება,“- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯორჯ კენტმა.

საკითხებზე, რომელიც შეხვედრაზე განიხილებოდა, საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ვახტანგ მახარობლიშვილმაც ისაუბრა.

„საუბარი შეეხებოდა, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, არჩევნებს და სამომავლო გეგმებს. ბუნებრივია, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მზად არის და უკვე მუშაობს ასე ვთქვათ, იმ თემებზე და იმ რეკომენდაციებზე, რომელიც იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. კერძოდ, ეუთოსა და ოდირის მიერ,“- განაცხადა საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

დღის ამბები