ორი ყველაზე გავლენიანი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების დაპირისპირება ღია ომში გადადის. ვახტანგ გომელურმა გიორგი გახარიაზე პირდაპირი იერიში პარლამენტში მიიტანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ პანკისში მომხდარი დაპირისპირება შეცდომა იყო.
ვახტანგ გომელაურმა დღეს მიანიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმის შეყვანა სუს-თან არ შეუთანხმებია, თუმცა გახარია ბოლომდე არ გააკრიტიკა და თქვა, რომ კოორდინაცია იყო.
სიტყვა შეცდომა პანკისის სპეცოპერაციაზე საუბრის დროს ვახტანგ გომელაურმა რამდენჯერმე ახსენა და აღიარა, რომ არ იყო სწორი შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ფეთქებადსაშიშ რეგიონში, მოქალაქეებისთვის რეზინის ტყვიების სროლა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
სუს-ის უფროსი დღეს პარლამენტში ორი მთავარი გზავნილით მივიდა. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ცდილობენ და რელიგიური-ეთნიკური ჯგუფებს შორის დაპირისპირების აღვივებენ.
ვახტანგ გომელაურმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას სპეცსამსახურები პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების დახმარებით ცდილობენ, თუმცა რომელ პოლიტიკურ პარტიებს ეხმარებიან მათ სხდომათა დარბაზში აღარ დაუკონკრეტებია.
სპეცსამსახურები ჰიბრიდული ომის მეთოდებით ცდილობენ ქვეყანაში რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები დააპირისპირონ და ამით ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მთავარ გამოწვევად სუს-ი სწორედ კიბერთავდასხმების არაერთ მცდელობას ასახელებს.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე, რომელზეც სუს-ი ღიად არ საუბრობს, ოპოზიცია ასახელებს და ამბობს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია სურს, რუსეთია.
ოპოზიციას დღეს კითხვები ვახტანგ გომელაურთან იმაზე ჰქონდა, რას აკეთებს და უპირისპირებს სუსი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ღიად საუბრობს პროპუტინური გზავნილებით.
ქვეყანაში რომ ანტიდასავლურ განწყობების შექმნაზე რუსული სპეცსამსახურები მუშაობენ, ამას დღეს არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უარყოფდნენ.
სუს-ის უფროსის მოსმენის ძირითადი და ყველაზე საინტერესო ნაწილი ოპოზიციასთან დებატები დღეს დახურული იყო. ვახტანგ გომელაურის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის ფორმატის დახურვა საპარლამენტო უმრავლესობამ მოითხოვა.