„კურიერის“ ინფორმაციით, ლევან კობერიძის შემდეგ, მმართველ პარტიის დატოვებას კიდევ რამდენიმე დეპუტატი გეგმავს. ბიძინა გეგიძე, რომან კაკულია და ალექსანდრე ერქვანია შესაძლოა, პირველები აღმოჩნდნენ მათ შორის, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს.
„ქართულ ოცნებას“ ტოვებენ ის კადრები, ვინც მმართველ პარტიაში გიორგი კვირიკაშვილის რეკომენდაციის მოხვდა. წასასვლელად არის მომზადებული რომან კაკულია. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელი ბოლო დროს მისივე პარტიას ხშირად აკრიტიკებს. დეპუტატი არ მალავს, რომ წასვლა უნდა. ის ასევე ღიად ამბობს, რომ არ სურს პარტიის დატოვება მხოლოდ პოლიტიკურ დემარშს დაემსგავსოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ომში ჩაერთოს.
პარლამენტში ბოლო პერიოდში იმ დეპუტატების რიცხვი იზრდება, ვინც მმართველ პარტიას ტოვებს და მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ თემატური ახალი უმცირესობა პარლამენტში მაინც ჩამოყალიბდება, ფრაქციის შექმნას კი ხელოვნურად ექნება პრობლემები.
ირაკლი კობახიძისა კაბინეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მხარი არ დაუჭირა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ. მას საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია, თუმცა მედიასთან არც ის განუმარტავს, რა გახდა მისი გადაწვეტილების მიზეზი.
რამდენიმე დღეა, ერქვანია ე.წ. წამსვლელებთან და ახლად წასულებთან ერთად ხშირად სასესიო დარბაზში თათბირობს, თუმცა საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
პარტიიდან წევრების წასვლაში „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძის დღევანდელი კომენტარიდან ჩანს, რომ ის გუნდიდან სხვების წასვლასაც ელოდება.