მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გაერთიანებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი.
მისი თქმით, განათლების სამინისტროს არც ცენტრის და არც მწერალთა სახლის თანამშრომლები აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
„ამ ეტაპზე საგნობრივი განხილვა ამ საკითხის, ჩვენი ცენტრის და მწერალთა სახლის თანამშრომლების საქმის კურსში ჩაყენება, საგნობრივი განხილვა საკითხის არ ყოფილა,“ - განაცხადა მედეა მეტრეველმა.
მედეა მეტრეველი ამ ეტაპზე თავს იკავებს, შეაფასოს მიხეილ ბატიაშვილის უწყების გადაწყვეტილება და პოზიციის დაფიქსირებას ოფიციალური დოკუმენტის მიღების შემდეგ გეგმავს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კულტურის მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტი, როგორც ითვალისწინებს საქმის წარმოება, შესაბამისი პროცედურები, არ მოგვსვლია და ძალიან გამიჭირდება კომენტარი, გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც ჩამბარდება მსგავსი ტიპის უწყება, ჩემგან უფრო კორექტული იქნება,“ - განაცხადა მეტრეველმა.