19 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ათას ლარად ნაყიდი ინტერვიუ - "ოცნება" და სახელისუფლებო მედია ოპოზიციის დისკრედიტაციას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს

ათას ლარად ნაყიდი ინტერვიუ, რომლითაც ქართული ოცნება და სახელისუფლებო მედია ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს.

საგანგებო განცხადება დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში გაკეთდა.

ბრიფინგს სამთავრობო ტელევიზიის სიუჟეტის მთავარი გმირი, ედემ თოდუა, ესწრებოდა, რომელიც დეტალურად ყვება, როგორ და რა ფასად იყიდა მისგან ტელეკომპანიამ სასურველი ინტერვიუ.

ედემ თოდუას განცხადებით, ინტერვიუს შინაარსი მეზობელმა - გოგა ზუხბაიამ, გააცნო და უთხრა, რომ მას ნაციონალური მოძრაობიდან განაწყენებული კოორდინატორების წასვლის შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა, სანაცვლოდ კი ათას ლარს მისცემდნენ.

ინტერვიუს შემდეგ თოდუას 600 ლარი მართლაც მიუტანეს, თანხის მეორე ნაწილის გადაცემა კი ხვალისთვის იგეგმებოდა, თუმცა, თოდუამ ნაციონალურ მოძრაობას თავად მიაკითხა და მომხდარის შესახებ უამბო.

ინტერვიუში მას დისკრედიტაციის მიზნით, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კობა ნაყოფიას, გვარიც უნდა ეხსენებინა.

„ინტერვიუ მივეცი ნაშუადღევს და მეორე დღეს ფული 600 მანეთი მომცა. ფული ზუხბაიამ მომცა, 600 და დანარჩენიო მერე იქნება, ამ დღეებშიო,“ - ამბობს ედემ თოდუა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, გარდა ფულის გადაცემის ფაქტისა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია არაერთ ინფორმაციას ფლობს.

„ეს არის ის ფაქტი, რომელიც ძირს უთხრის მთელ საარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროცესებს და ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ჩართული იყოს აქტიურ, კონკურენტულ საარჩევნო კამპანიაში, ჩართული არის ამ Fake-ნიუსების შექმნაში და საზოგადოების მოტყუებაში. ეს ყველაფერი სამწუხარო არის, მაგრამ არც ჩვენთვის და არც საზოგადოებისთვის არაფერი დაფარული არ არის. თითოეული ასეთი ფაქტი იქნება გამომჟღავნებული, გამოაშკარავებული და მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც იმიტომ, რომ მოდიან თვითონ ქართული ოცნების შტაბიდან ადამიანები და გვაწვდიან თითოეულ ასეთ ფაქტზე ინფორმაციას,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

დღის ამბები