ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოსტის დატოვების შემდეგ მთავრობში ყოფნის აქამდე უცნობ დეტალებზე ღიად საუბრობს. გადაცემა "ფორბსის კვირაში" მან განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს თანახმდა მხოლოდ ერთი პირობით, რომ სამუშაოს სრულფასოვნად ის პოსტზე დანიშვნიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეუდგებოდა. ქობულიას თქმით მან მოითხოვა საზღვარგარეთ სამსახურის საქმეების გადაბარებისთვის გარკვეული დრო, ასევე ხელისუფლებისგან პირობა მიიღო რომ ექნებოდა საშუალება მიეხედა საკუთარი ჯანმრთელობისთვის.
"ჩვენი მოლაპარაკება იყო იმაზე, რომ მე დავიწყებდი სრულფასოვნად ამ სამუშაოს მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში,"-აცხადებს გიორგი ქობულია.
ყოფილი მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ მისთვის გასაკვირი აღმოჩნდა ხელისუფლების დამოკიდებულება მის მიმართ, როდესაც ივლისში ქობულიას საქართველოში არყოფნის გამო, მინისტრს მწვავედ აკრიტიკებდნენ.
"მე რა თქმა უნდა მომდიოდა ხმები, როცა მე არ ვიყავი საქართველოში, იმასთან დაკავშირებით რომ მე ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი, ჩემი საქართველოში არყოფნის გამო და მე მართალი გითხრათ ძალიან გამაკვირვა იმან, არავინ რომ არ დამიცვა იგივე ჩემი გუნდიდან, მმართველი გუნდიდან არავინ რომ არ დამიცვა. ვერც მივხვდი, მაშინ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე. შესაძლებელია ეხლა ვხვდებოდე, მაგრამ მაშინ ჩემთვის ეს გასაკვირი იყო,"-აცხადებს გიორგი ქობულია.