რუსეთი საქართველოს ენერგოოკუპაციას განაგრძობს. P.S.-ის ინფორმაციით, კომპანია „ვისოლი“ იყიდება და მის ყიდვას რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და მასთან დაკავშირებული ქართველი პარტნიორები აპირებენ. მოლაპარაკებებს "ვისოლთან" როსნეფტის შვილობილი კომპანია, ოფშორში დარეგისტრირებული „პეტროკასი“ აწარმოებს. ის საქართველოში უკვე ფლობს სიდიდით მეორე ავტოგასამართ ქსელს, გალფს, ასევე ნავთობტერმინალს ფოთის პორტში.
კომპანია "პეტროკასის" 49% ის შეძენის შესახებ როსნეფტმა თავის აქციონერებს ჯერ კიდევ 2014 წელს აუწყა. მაშინ "პეტროკასის" მფლობელმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა რუსულ ენერგოგიგანტს თავისი წილის ნახევარი თითქმის 140 მლნ. დოლარად დაუთმო. საქართველოში "პერტოკასის" და როსნეფტის აღზევებას კი სწორედ კრემლის გავლენებს და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას უკავშირებენ.
როსნეფტი რომ საქართველოს ენერგომარწუხებში მოქცევას ცდილობს, კარგად იციან "ჰაბ ჯორჯიაშიც," სადაც ფიქრობენ, რომ პეტროკასი და როსნეფტი სწორედ ხელისუფლებასთან და არაფორმალურ მმართველთან არიან გარიგებულები. ამის დასტურად კი სომხეთის ბაზარი მოჰყავთ, სადაც საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი სწორედ "როსნეფტია."
ამჯერად კი როსნეფტი მონოპოლისტი უკვე საქართველოში ხდება. ყოველწლიურად საქართველოში 1 მლრდ. 800 მლნ. ლარის საწვავი შემოდის, საიდანაც 27%, ანუ 500 მლნ. ლარი სწორედ რუსეთზე მოდის. ანუ ასეთია როსნეფტთან დაკავშირებული ბაზრის სიდიდით მეორე მოთამაშე გალფისა და ასევე რუსული წარმომავლობის ლუკოილის წილი. ბაზრის უმსხვილესი კომპანიის, ვისოლის რუსული როსნეფტის ხელში გადასვლის შემდეგ კი კრემლთან დაახლოებული ოლიგარქები უკვე საცალო ბაზრის სულ მცირე 40%ს გააკონტროლებენ. მათ ხელში გადავა მთელს საქართველოში მდებარე 180-მდე ახალი ბენზინგასამართი სადგური. "ვისოლის" დამფუძნებელი კომპანიის გაყიდვას არ გამორიცხავს, თუმცა ინფორმაციას ვისოლისა და "როსნეფტის" შვილობილი "პეტროკასის" სამომავლო გარიგების შესახებ, ჭორს უწოდებს.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი